вторник, 8 июля 2008 г.

რაჭა

რაჭა
(გათენებულა! აქ გათენებაც სხვანაირია,
ვარდისფერი და უფრო მსუბუქი.
აქ ნებივრობა საწოლში,არ ღირს,
როცა ბუნება მიხმობს გულუხვი.)
...
პატარა ოდის ხის ჭრიალა კარი გავაღე,
რა მიხარია ვერ მივმხვდარვარ,ასე ძალიან,
პიპილეთიდან ნიავს კაკლის სურნელი მოაქვს.
ჟაშქვას ფერება მოუნდა და იმის ბრალია.

წინ მყინვარწვერი გამეჭიმა,არა შენ არა,
რუსული ჯიშის ძროხასა გავს ჩემო ნიკორა.
შავ ტანზე,თეთრი თოვლის ლაქა,აქა იქ ადევს,
ნეტავ ხედავდე... ტყუპი ცრემლი ჩამომიგორდა.

ხელს გავიწვდენ და იქ ვარ მეთქი ასე მგონია,
რაჭავ,ტიალო მართლა არ გყავს ქვეყნად ბადალი,
ალბათ აქ შესვა იმ ყივჩაღმა ბოლოს ბადაგი
და რაჭის გულზე განისვენებს, მეფე თამარი.

ძუძუ მოუჩანს გამთენიის მადლიან ქალღმერთს,
თავს სასწაული დამატეხა, ასე მგონია.
ჩვილივითა ვარ უდარდელი,გავქვავდი კაცი,
ასეთი დილა დავბერდი და ჯერ არ მქონია.



(ai boborika kidev vtkvi beberivit:) )

вторник, 1 июля 2008 г.

ჩემი ტოლი გოგოები

ბაღის ბოლოს, აქვე სახლთან ჩამომსხდარან,
ხის ჯირკვებზე, ჩემი ტოლი გოგოები.
გული იქით მიმიწევს და თავს ვარწმუნებ,
-წადი ანო საქმეს მერეც მოესწრები.

შევიხსენი წინსაფარი,სველი ხელით.
კაბის ბოლო ცოტა მივიფ-მოვიფერთხე.
ისე ვჩქარობ თითქოს სადმე მიდიოდნენ,
თითქოს ჩემსკენ დღეს პირველად მოვიხელთე.

მივესალმე, მომესალმენ, შაირივით,
საყვედული საყვედურზე დამახალეს,
-რა გჭირს ანო ნაადრევად დაგვიბერდი?!
საღამოა საქმე რით ვერ მოათავე...

ვატრიალეთ რკინის ჯამში თითისტარი,
ხან ვიცინეთ,ხან დავღონდით მოგონებით.
ასე გაგვყავს ერთმანეთი დრო და ჟამი,
რაღა დავრჩით ჩემი ტოლი გოგოები...

ოდითგან ასე იყო

ჩემი უშობელა, ფეხების ბაკუნით,
ძლივს გამოვგლიჯე დედის ძუძუებს.
ჯიქანი ჩამოვბანე ძროხას, ჩამოვწველე,
ცეცხლზე სასულგუნედ, რძე ავათუხთუხე.

ყველი ჩავჭერი და ციცხვით მოვურიე,
მერე მოვახვიე სულგუნი რძიანი.
ქათმებს მივუყარე საკენკად ქერი და
ნაკვერჩხალს მივუფიცხე კეცებით ხმიადი.

მერე ტალახიდან ღორი წამოვაგდე,
თურმე დამავიწყდა გობის გამოტანა,
სანამ საღორედან გობი გამოვაგდე,
ღორმა სალაფავი ვედროში ამოჭამა.

ყორეს გამობმული მოზვერი გადავაბი.
კაკლის ხეს მივაბი, ჩეროში ბოსელთან
დეკეულს მიუგნია სათხებო ქვამარილი.
ამაღამ წყლის სმით ან უწყლობით მოკვდება.

მზეც ამოიწვერა. დრო როგორ გაპარულა,
ალბათ შვილიშვილებს ჯერ ისევ ძინავთ,
რა გასაკვირია, ოდითგან ერთად იყო,
სოფელში შუადღე და ქალაქში დილა.